თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება, მათ შორის გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც შიმშილობა სწორედ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასასწრების მიზნით შეწყვიტა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
როგორც სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი პაპაშვილმა განაცხადა, მათი მიზანი იყო, რომ გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო პროცესზე ყოფილიყო, რადგან მან შიმშილობა დღევანდელი სასამართლო პროცესის გამო შეწყვიტა. მისივე თქმით, ისინი მზად არიან, რომ ნებისმიერ დასმულ შეკითხვას პასუხი გასცენ.
„ჩვენი სურვილი იყო, რომ სასამართლო პროცესზე გიორგი ჩიკვაიძე წარმოდგენილი ყოფილიყო, სწორედ ამიტომ, შეწყვიტა შიმშილობა მან, რომ არანაირი მიზეზი არ ჰქონოდათ პენიტენციურ დაწესებულებას, სასამართლოსა და პროკურატურას, რომ სხდომაზე არ მოეყვანათ.
რა მოლოდინი უნდა გვქონდეს სასამართლოსგან, როდესაც ამდენი სინდისის პატიმრის სასამართლოებს ვუყურებთ, არანაირი საფუძველი არ არსებობდა მათი დაკავების და არც გიორგის დაკავების. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს მივყვებით პროცესს“, - განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით 11 მარტს შეეცვალა, ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ, ჩიკვაიძის მხრიდან გირაოს პირობების დარღვევის მოტივით მიმართა, რაც მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება ირაკლი პაპიაშვილს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა.
ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.
თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.
ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.
გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.
აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.