„ქართული ოცნების“მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობას ითვალისწინებს ევროკავშირის სტრუქტურის წარმომადგენლები და ამერიკელი პოლიტიკური აქტორები აკრიტიკებენ. უცხოელი დიპლომატების ნაწილი მკაფიოდ აცხადებს, რომ მიღებული კანონი რეპრესიულია და ნეგატიურად აისახება საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და დემოკრატიულ პრინციპებზე. ევროპარლამენტარების ნაწილი ევროკავშირს ქართული ოცნების გადაწყვეტილებების საპასუხოდ სანქციების ამოქმედებისკენ მოუწოდებს. „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა.