საქართველოში საწვავი შესაძლოა, კიდევ 15-20 თეთრით გაიაფდეს.
თუ არსებული ტენდენცია კიდევ რამდენიმე კვირა შენარჩუნდება, საწვავზე ფასი კიდევ დაიკლებს. ასეთ პროგნოზს აკეთებენ ნავთობიმპორტიორი კომპანიები საქართველოში. დონალდ ტრამპის მიერ სატარიფო გეგმის გამოცხადების შემდეგ, გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასმა მნიშვნელოვანი კლება დაიწყო: ტეხასური ნავთობის ღირებულება ბარელზე დაახლოებით 62 დოლარს შეადგენს, ხოლო Brent-ის ტიპის უკვე 65 დოლარი ღირს. გარდა ამისა, იკლებს საწვავის საერთაშორისო ფასიც. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საწვავის ფასი სწორედ „პლატსის“ მიხედვით ანგარიშდება. მაგალითად, იანვარში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 737 დოლარი იყო, ხოლო დიზელზე დაახლოებით 715 დოლარი. თებერვალში, ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი 726 დოლარამდე შემცირდა, ხოლო დიზელზე - 705 დოლარამდე. მარტში ბენზინიცა და დიზელიც კიდევ უფრო გაიაფდა და ორივე ტიპის საწვავზე 700 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. სულ 3 თვის განმავლობაში ბენზინის შესყიდვა საქართველოს 7.2%-ით, დიზელის კი 8.3%-ით გაუიაფდა. შესაბამისად, გაიაფების ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე უკვე აისახა, ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის ყველა ტიპის საწვავზე 10-თეთრიანი კლებაა სახეზე.