აზიის განვითარების ბანკმა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 6%-მდე გაზარდა. ამასთანავე, აპრილის განახლებული ანგარიშის მიხედვით, აზიის განვითარების ბანკი მომდევნო - 2026 წელს საქართველოს მშპ-ს 5%-მდე შენელებას ელოდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომდევნო წელს ეკონომიკის შენელების პროგნოზი დაკავშირებულია მომსახურებისა და ფულადი გზავნილების შემცირებასთან.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოში ინფლაციის 4%-მდე გაზრდაა მოსალოდნელი, ხოლო 2026 წელს, ეკონომიკური ზრდის შენელებასთან ერთად, ინფლაცია ცენტრალური ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ამასთან, 2025 და 2026 წლებში, სავარაუდოდ, გაიზრდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც, რადგან გლობალურ ბაზრებზე გაურკვევლობამ, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე, მოსალოდნელია შეაფერხოს უცხოური ფინანსური ნაკადები.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2 აპრილამდე, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადებამდე შედგა, ამიტომ საბაზისო პროგნოზებში ასახულია მხოლოდ აქამდე არსებული ტარიფები. თუმცა, ანგარიში აანალიზებს მაღალი ტარიფების შესაძლო გავლენას აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე.