საქართველოში ამერიკიდან იმპორტირებული მანქანები გაძვირდება. არადა აშშ საქართველოსთვის მეორადი ავტომობილების იმპორტის მთავარი წყაროა. "თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, სავარაუდოა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ახალი სატარიფო პოლიტიკა უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე და ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ ტრანზიტულ ტვირთზე. პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ ტარიფები შეზღუდავს ავტომობილების მიწოდებას აშშ-ში, შედეგად, მაღალი ალბათობით, მოკლევადიან პერიოდში, გაიზრდება ფასი აშშ-ში წარმოებულ ახალ მანქანებზე. ფასის ზრდა გადაეცემა მეორად მანქანებსაც. ეს კი გაზრდის აშშ-დან იმპორტირებული მანქანების ფასს საქართველოში. რაც შეეხება გრძელვადიან და არაპირდაპირ ეფექტებს ეკონომიკურ ზრდაზე, სხვადასხვა ქვეყანასთან ვაჭრობაზე, ინფლაციაზე და გაცვლით კურსზე გავლენის, შესაფასებლად, თიბისი კაპიტალი ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა დაველოდოთ ტარიფების აღსრულებაზე მეტი ინფორმაციასა და პარტნიორი ქვეყნების საპასუხო ნაბიჯებს. თუმცა კვლევითი ორგანიზაციის დასკვნით, ერთი რამ ცხადია: ტარიფების შედეგად ბევრ ქვეყანას ურთულდება წვდომა აშშ-ის ბაზარზე. რაც არაერთ ეკონომიკას აყენებს გამოწვევის წინაშე. შესაძლოა, აშშ-ში ექსპორტიორმა ქვეყნებმა სხვა ბაზრებით, მათ შორის საქართველოთი, სცადონ ამერიკის ნაწილობრივად ჩანაცვლება. სავარაუდოდ, უმეტესად ეს ტენდენცია ამერიკის მთავარ საიმპორტო პროდუქტებს, ავტომობილებს, მანქანა-დანადგარებს და ელექტრონულ ტექნიკას შეეხება.