თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროპოლიტენის ახალი - დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და მშენებლობის შესყიდვის თაობაზე ბაზრის კვლევას ატარებს. ტექნიკურ დავალებაში ნათქვამია, რომ მესამე ხაზის ცენტრალური ნაწილი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და საბურთალოს და ვაკის გავლით მეტროსადგურ რუსთაველს დაუკავშირდება. მესამე ხაზის დანიშნულება იქნება „სადგურის მოედნის“, როგორც მეტროპოლიტენის არსებულ ხაზებს შორის ერთადერთი გადასაჯდომის განტვირთვა და მეტროპოლიტენით დედაქალაქის უფრო მეტი უბნების მომსახურება, რისთვისაც მეტროსადგურებზე: „დიდუბე“, „რუსთაველი“ და „სამედიცინო უნივერსიტეტი“ უნდა მოეწყოს მესამე ხაზზე გადასასვლელი ინფრასტრუქტურა. ტექნიკური დავალების თანახმად, პროექტის განხორციელების/დასრულების საორიენტაციო ჯამური ვადა 7 წელია. მიმდინარე წელს პროექტისთვის ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის. მაგრამ, 2026 წელს დამკვეთი ჯერ 40 მილიონი ლარის, 2027-სა და 2028-ში კი 70-70 მილიონის გადახდას გეგმავს.