უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა. აუდიენცია ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა. ანდრეი სიბიგას განცხადებით, შეხვედრისას სამშვიდობო ძალისხმევებისადმი უკრაინის ძლიერ ერთგულებას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. მისივე თქმით, უკრაინა სრულად მოწოდებულია მშვიდობისკენ და ამის მისაღწევად კონკრეტული უპირობო ნაბიჯები გადადგა, მაშინ, როდესაც რუსეთი ფეხს ითრევს. როგორც სიბიგამ აღნიშნა, ამერიკელ კოლეგას რუსეთის მიერ ენერგეტიკაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, მხარეებმა ორმხრივად მომგებიანი ინვესტიციების განვითარებასა და მინერალურ რესურსებზე თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.