საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. მაღლაფერიძე აღნიშნულ თანამდებობას მეორე ვადით, კიდევ სამი წლით დაიკავებს. ბორდის სხდომის პარალელურად, პირველი არხის შენობის წინ მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილზე დემონსტრანტებს მოტანილი ჰქონდათ ბანერები. აქციის მონაწილეებმა, ხმაურის ფონზე შეაცილეს სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ბონდო მძინარაშვილი. შეკრებილებს შსს-ს თანამშრომლებმა ღობეზე ბანერის გაკვრის საშუალება არ მისცეს და გააფრთხილეს, რომ სამუშაო პროცესისთვის ხელი არ შეეშალათ. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს შენობის შესასვლელთან კორდონი ჰქონდათ გაკეთებული. მაღლაფერიძის კანდიდატურას საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო. საბჭოს სხდომას 11-ვე წევრი ესწრებოდა. ვასილ მაღლაფერიძის გარდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატი არ დასახელებულა. სამეურვეო საბჭო თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით ირჩევს. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ პირველი ვადით 2022 წლის 21 აპრილს აირჩიეს.