თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა სახის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს სახელმწიფო ბრალდება. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება გუშინ წარუდგინა. დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო პროკურატურაში დაიბარეს ბადრი ჯაფარიძეც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პროკურატურაში მისვლაზე უარს აცხადებს, თუმცა მზაობას გამოთქვამს, ჩვენების მისაცემად, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოცხადდეს.