პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. კუპრაძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს 13:00 საათზე არის ჩანიშნული. საქმეს კი მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი განიხილავს. საქართველოს პროკურატურამ, "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე" მამუკა ხაზარაძეს ბრალდება 1-ელ აპრილს წარუდგინა. მამუკა ხაზარაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა.