ამ წუთებში პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს მარიამ რატიანი პასუხობს. მანამდე კი კომისიის წევრების შეკითხვებს ემზარ კვიციანმა და გიორგი კაპანაძემ უპასუხეს. დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი, რასაც კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი უკვე გამოეხმაურა - როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ პირებს ახალ თარიღს შესთავაზებენ. ამასთანავე, წულუკიანმა განმარტა, რომ გიორგი კანდელაკი და გიორგი თარგამაძე სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთაც, როგორც წულუკიანი ამას ამტკიცებს, 2008 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ ჯარს ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს.