დღეს, 13:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი არსებითად განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას იტყვიან, ხოლო პროკურატურამ მოწმეები უნდა წარადგინოს.
გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ედავება, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.