31 მარტის აქციისთვის სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობას მართავენ. დაანონსებულია სამ დღიანი სიმბოლური მსვლელობა. აქტივისტების ჯგუფი დღეს აქციას მართავს ბოლნისში მერიის შენობასთან, ხვალ, 30 მარტს ისინი მარნეულში გადაინაცვლებენ, მერიის შენობასთან ღამეს გაათევენ და 31 მარტს, დილიდან თბილისისკენ დაიძვრებიან. მსვლელობის მონაწილეები მოუწოდებენ ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, გარდაბნისა და რუსთავის მცხოვრებლებს, რომ მსვლელობას შეუერთდნენ. ამდენად მზადება 31 მარტის აქციისთვის გრძელდება. ოპოზიციურმა ძალებმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად მასშტაბური აქცია სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს დაანონსეს. ოპოზიციური პარტიები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ორშაბათს მოქალაქეები ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ პოლიტიკური ძალების მხრიდან ერთობლივ ხედვას მოისმენენ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საერთო გზავნილებზე მუშაობა და ცალკეულ პუნქტებზე შეთანხმება ამ დრომდე გრძელდება. თუმცა კვლავ კრიტიკულია ქართული ოცნება, რომლის წევრების განცხადებით, ოპოზიციამ საკუთარი პოლიტიკური რესურსი ამოწურა.