„ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ხელისუფლების მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჰკითხავდნენ ზაზა გოგავას, რომელიც 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო. გოგავასა და კომისიის წევრებს შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი წარიმართა. კომისიის წევრების შეკითხვები, ძირითადად, 2008 წლის აგვისტოს ომსა და ბრძანების გამცემ პირებს შეეხებოდა. გოგავასთან ერთად კომისიაზე დაბარებული იყო 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი, მამუკა ყურაშვილიც, თუმცა კომისიის წევრებმა ყურაშვილთან გასაუბრება ხვალ, დილის 10 საათამდე გადადეს. დღეს, კომისიის წევრების დასმულ შეკითხვებს ასევე შალვა ჯანაშვილმა და ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამაც უპასუხეს. მან დეტალურად გაიხსენა აგვისტოს ომის მოვლენები და აღნიშნა, რომ 2008 წლის თებერვალში უკვე იცოდა, რომ საბრძოლო მოქმედებები გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო.