თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან სამდღიანი ცალკეული მოლაპარაკებების შემდეგ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე, უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფასა და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე შეთანხმდნენ. კრემლი გადაწყვეტილების ძალაში შესვლისათვის ოთხ პირობას, მათ შორის, სასანქციებისა და სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნას ასახელებს. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს ომის დასრულება სურს, მაგრამ საკითხზე შესაძლოა ფეხს ითრევდეს. მისივე თქმით, კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე კვირაში, საშუალოდ, 2 500 ჯარისკაცს კარგავს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შემდგომი დღეების განმავლობაში რუსეთის ქმედებები წარმოაჩენს სურს თუ არა მას რეალური მშვიდობა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო რუსეთს არ ენდობა და მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ომის დასასრულებლად ნამდვილად მზად არიან. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელი ლიდერების პოზიციას აფასებს. ლავროვის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდნენ, აზრი მკვეთრად შეიცვალეს.