„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაიმართება.სხდომაზე განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომია. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ აღნიშნული საკითხის შესასწავლად სხდომაზე პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა. სხდომაზე დასწრებას აპირებს პაატა დავითაია, რომელიც აცხადებს რომ მისთვის სახელმწიფო ინტერესების დაცვა პრინციპული საკითხია. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები კენჭს უყრიან ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხსაც ვინაიდან ოპოზიციონერმა ლიდერმა კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. სახელისუფლებო გუნდი კიდევ ერთხელ შეახსენებს ოპონენტებს, რომ ის ადამიანები რომლებიც საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებენ სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლით დაისჯებიან. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს ფარსს უწოდებს და საგამოძიებო კომისიასთან ითანამშრომლობას არ აპირებს.