პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 ადამიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებულთა ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ სასამართლო სხდომა სრულად გახსნილიყო და ბრალდებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სხდომაზე დასწრების საშუალება მისცემოდათ - ამ შუამდგომლობას დანართად 130 ხელმოწერაც დაურთეს, თუმცა მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ ეს შეთავაზება არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა ასევე მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს, თუმცა მათი ეს მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა. ამავდროულად, სასამართლოს შენობასთან დაკავებულთა მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრები და მსახიობები შეიკრიბნენ.