პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულების ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომ სასამართლო სხდომა სრულად გახსნილიყო და ბრალდებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სხდომაზე დასწრების საშუალება მისცემოდათ, შუამდგომლობას დანართად 130 ხელმოწერაც დაურთეს, თუმცა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრები და მსახიობები არიან შეკრებილები.