საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა შედგა - რუსული მედიის ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მხარეები შეხვედრის შედეგების შესახებ ერთობლივ განცხადებას დღეს, დღის ბოლომდე გამოაქვეყნებენ. მოლაპარაკებების მიმართ დადებითაა განწყობილი შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. მისი განცხადებით, უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. ტრამპი უკრაინის მხრიდან ელექტროსადგურების ამერიკული კომპანიების მფლობელობაში გადაცემაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხზეც აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას. მისი თქმით, ტრამპი ერთადერთია, ვისიც აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს ეშინია და უკრაინის პრეზიდენტის ვარაუდით, შეერთებული შტატების ლიდერი მალე დარწმუნდება, რომ პუტინი სანდო პარტნიორი არ არის.