თურქეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საპროტესტო აქციები ძალადობრივ მოძრაობაში გადაიზარდა და ყველა, ვინც ამ ქაოსის პროვოცირება მოახდინა, პასუხს აგებს. მან თურქეთში მიმდინარე ვითარებას ოპოზიციის სპექტაკლი უწოდა და განმარტა, რომ ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ თურქეთის მოქალაქეების პროვოცირება უნდა შეწყვიტოს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სტამბოლის მერი, თურქეთის ოპოზიციური “რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრი ექრემ იმამოღლუ დააკავა. იმამოღლუს, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ, დაკავების შემდეგ ბრალი კორუფციაში ოფიციალურად წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ თურქეთში 1173 ადამიანი დააკავეს.