დიდი დიღომი-დიდუბეს 7.5 კმ-იანი ტრამვაის ხაზით დაუკავშირდება.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დიდი დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და სამშენებლო სამუშაოების მიზნით ბაზრის კვლევას აცხადებს. მოთხოვნების თანახმად, პრეტენდენტს ბოლო ათი წლის განმავლობაში არანაკლებ სამი ტრამვაის ხაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მშენებლობის პროექტი უნდა ჰქონდეს განხორციელებული. ამასთანავე, პროექტის განმახორციელებელ კომპანიას 2022-2024 წლებში არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი უნდა უფიქსირდებოდეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში არ უნდა იყოს ზარალზე გასული, ხოლო წმინდა ქონება უნდა იყოს დადებითი. შესყიდვის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ პროექტის დასრულების საორიენტაციო ჯამური ვადა 4.5 წელია. რაც შეეხება თავად დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზს, ის დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით კი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. „ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება“, - ვკითხულობთ დოკუმენტებში. ტრამვაის ხაზის სიგრძე 7.5 კმ. იქნება, ტრამვაის შემადგენლობა - 10 ვაგონით განისაზღვრება, ხოლო გაჩერებების რაოდენობა - 11 იქნება. ამასთანავე, ირკვევა, რომ ტრამვაის ერთი ვაგონი არანაკლებ 300 მგზავრს გადაიყვანს.