6-თვიანი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დაიბარეს. ამ ეტაპზე უცნობია, მიიღებენ თუ არა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, თუმცა თუკი ისინი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სხდონაზე არ გამოცხადდებიან, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას არ გამორიცხავს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ახლა ყველაფერზეა წამსვლელი. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა - როგორც თავად ამბობენ, აღნიშნული საგამოძიებო კომისია ვერაფერს გამოიძიებს.