თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად სტამბოლის არჩეული მერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუ დაასახელა. 23 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრაიმერიზი, რომელშიც პარტიის ინფორმაციით, მონაწილეობა 15-მა მილიონმამ მოქალაქემ მიიღო, მათგან 13 მილიონზე მეტმა მხარდაჭერა სწორედ იმამოღლუს გამოუცხადა. პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერი, აცხადებს, რომ ერი ხელისუფლებას დაუვიწყარ სილას გაარტყამს. იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს, მის წინააღმდეგ გამოძიება ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზეც მიმდინარეობს. 23 მარტს სასამართლომ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის სტამბოლის მერის თანამდებობასაც ჩამოაშორეს. თავად ყოფილი მერი ბრალდებებს უარყოფს. ექსპერტთა შეფასებით, პრეზიდენტი ერდოანი მომდევნო, 2028 წლის არჩევნებისთვის რეალური კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს. მერის დაკავების შემდეგ, 19 მარტიდან მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ბოლო დღეებში თურქეთის ხელისუფლებამ ასეულობით დემონსტრანტი დააკავა.