„ჰამასში“ აცხადებენ, რომ თელ ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაჯგუფებამ ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია განაახლა. ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ განმარტებით, ეს „სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სიონისტურ ხოცვა-ჟლეტაზე“ პასუხი იყო. ისრაელის მხარის ცნობით, მათ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო დანარჩენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამშაბათის შემდეგ, როდესაც ისრაელმა შეტევები განაახლა, სულ მცირე, 591 ადამიანი, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.