არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სარჩელით მიმართავს სააპელაციო სასამართლოს, რათა დაყადაღებული ანგარიშების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდეს. უკვე რამდენიმე დღეა, რაც 5-ი ფონდის დაყადაღების საკითხს პოლიტიკური მხარეები აქტიურ რეჟიმში განიხილავენ - ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს აქაც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული შეფასებები აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ ფონდების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხა აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებს, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სტიქიის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარებას ხმარდებოდა, თუმცა ოპოზიციის ეს არგუმენტები „ქართული ოცნებისთვის“ სარწმუნოდ არ გამოიყურება. უმრავლესობის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ფონდებში ჩარიცხული თანხა ქვეყანაში „დესტრუქციისა და არეულობის გამოწვევას“ ხმარდებოდა.