ზესტაფონის ფეროშენადნობმა ქარხანამ წარმოება განაახლა და 60%-მდე დატვირთვით მუშაობს. ფეროშენადნობთა ასოციაციაციაში ამბობენ, რომ
თუ ფასი აიწევს, წარმოებაც გაიზრდება. მოგეხსენებათ, რომ „ჯორგიან მანგანეზს“ ზესტაფონის ქარხანა რამდენიმე თვე ჰქონდა გაჩერებული, ერთი ღუმელი ჩაირთო 1-ლი მარტიდან და წარმოების მოცულობის ზრდა ეტაპობრივად, ფასის ზრდის კვალდაკვალ იგეგმება. ამ ეტაპზე არ ხდება მოპოვება წიაღისეულის ჭიათურაში, რადგან თვლიან რომ ამ დროისთვის ეს არ არის მომგებიანი, რადგან ფეროშენადნობებზე ფასის ვარდნამ გამოიწვია მადნის ფასის ვარდნაც. შესაბამისად, როგორც კი გაიზრდება ფასი, ჭიათურაც განაახლებს მუშაობას. შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობმა ქარხანამ წარმოება 2024 წლის 1-ლი ნოემბრიდან შეაჩერა და მთლიანად მართვის რეჟიმზე გადავიდა. ამის მიზეზად „ჯორჯიან მანგანეზმა“ გლობალურ ბაზარზე ფასის ვარდნა და მადნის დეფიციტი დაასხელა, რომელიც ჭიათურის მაღაროდან, მიმდინარე პროტესტის გამო, ვეღარ მოიპოვეს. რაც შეეხება ჭიათურის მაღაროს, თანამშრომლები მარტიდან წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტას აპროტესტებენ. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანისგან“ დასაქმებულები ითხოვენ, რომ წიაღისეულის მოპოვება კომპანიისგან სახელმწიფომ გადაიბაროს. ბოლო სტატისტიკით, საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 60.5%-ით შემცირდა. წელს იანვარ-თებერვალში საქართველოდან 16 მილიონ 629 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი 42 მლნ დოლარზე მეტის. გამომდინარე იქიდან, რომ ქარხანამ წარმოება უკვე დაიწყო, მომდევნო თვეებში ექსპორტის ზრდას უნდა ველოდოთ.