იემენიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რომელიც ისრაელის საჰაერო ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლამდე ჩამოაგდეს. უცხოური გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი თავდასხმის გამო, პროტოკოლის შესაბამისად, საჰაერო განგაში გამოცხადდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა „ჰუსიტებმა“ აიღეს. მათი განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რომლის სამიზნე ბენ გურიონის აეროპორტი იყო. პარალელურად, აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა. როგორც „როიტერი“ წერს, იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტელეარხი „ალ მასირა“ იუწყება, რომ აფეთქებების ხმა იემენის დედაქალაქ სანაში გაისმა. მათივე ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმები აეროპორტთან ახლოს მოხდა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-მა იემენზე იერიში მიიტანა. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იემენზე მიტანილი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო 101 დაშავებული. იერიშის მიზეზად აშშ-მა შეიარაღებული ჯგუფის მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმები დასახელდა.