ჩვენ ვართ სიტუაციაში, როცა „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და შემდგომ ამ ყველაფრისთვის შესაბამის სამართლებრივ ფორმებს პოულობენ, - ამის შესახებ იურისტმა, საია-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ რამდენიმე ფონდის ანგარიშის დაყადაღებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებაც „პოლიტიკურად მოტივირებულია“.
„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება და შემდგომ, სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად, პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და შემდგომ, ამ ყველაფრისთვის შესაბამის სამართლებრივ ფორმებს პოულობენ. რამდენად დასაბუთებულია ეს ყველაფერი, ეს მეორე საკითხია, მაგრამ რეალურად, გადაწყვეტილებები ცალსახად, პოლიტიკური მოტივებით მიიღება. ამ ყველაფრის აბსურდულობას ორი ფაქტი აჩვენებს. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვსაუბრობთ საშინელ დანაშაულებზე: საბოტაჟზე, კონსტიტუციური წყობის ძალადობრივ დამხობაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე, უცხო ქვეყნის ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე. ასეთი დანაშაულები თუ თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და ამას ადამიანები თვეების განმავლობაში აკეთებდნენ, პროკურატურა, სუს-ი, შსს ამაზე არ რეაგირებდნენ, ინფორმაცია არ ჰქონდათ, როგორც ისინი ამბობენ. შემდგომ, როდესაც „ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა მიმართეს, ფსევდო ოპოზიციისა თუ ფსევდო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდათ, რომ თურმე ქვეყანა თავზე გვემხობოდა. გაგონილა, რომ სანამ საქართველოს ორ მოქალაქეს არ გაახსენდა, რომ თურმე ასეთი დანაშაული მზადდებოდა, პროკურატურა და განსაკუთრებით, სუს-ი არაფერს აკეთებდნენ? გვახსოვს სუს-ის მსგავსი განცხადებები, რომ ასეთი დანაშაულები იგეგმებოდა. საზოგადოება სუს-ის ასეთ თეორიულ და ჰიპოთეზურ მსჯელობებს უფრო კომიკურად აღიქვამდა და ამიტომ ამ ორ ადამიანს გააკეთებინეს განცხადება, რათა გამოძიების დაწყებისთვის ფორმალური საფუძველი შეექმნათ. თუმცა რეაგირებისთვის და გამოძიების დასაწყებად საჭირო არც არის ორი მოქალაქის განცხადება. დანაშაულის ფაქტის შესახებ ინფორმაცია, უკვე არის გამოძიების დაწყების საფუძველი. ეს მათი პროპაგანდისთვის გამოიყენეს, თითქოს სახელმწიფომ თავისი ინიციატივით კი არ დაიწყო [გამოძიება], ოპოზიციამ თუ სამოქალაქო საზოგადოებამ გვთხოვა და ამიტომ გავაკეთეთ ეს ყველაფერიო.
დაყადაღებულია ასევე, „სირცხვილიას“ ანგარიშები, რომელსაც აქტივობა და ანგარიშზე ბრუნვა ამ აქციების დაწყებამდე ერთი თვით ადრე ჰქონდა გაჩერებული. ანგარიშზე ბრუნვაც კი არ იყო, რანაირად აფინანსებდა „სირცხვილია“ ამ ყველაფერს? კიდევ ერთი აბსურდი ამ ყველაფერში ეს არის“,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა, რომლის შეფასებითაც, „ქართული ოცნება“ თანადგომას ებრძვის“.
გარდა აღნიშნული თემისა, სიმონიშვილმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით მიიღო. როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, „პრეცედენტული სამართლისა და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე, ეს არის მხოლოდ ამერიკულიდან გადმოწერილი წესი, რომელიც არაფერს არ ნიშნავს და ბოროტად იქნება გამოყენებული“.
„ამერიკული სამართალი არ არის მხოლოდ დაწერილი სამართალი. ჩვენთან სამართალი არის ის, რაც კანონებში წერია. გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, კონსტიტუცია და ა.შ. - ძალიან ბევრი კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გვაქვს. ჩვენ ვართ დაწერილი სამართლის ქვეყანა. ამერიკა არ არის კლასიკურად დაწერილი სამართლის ქვეყანა. იქ აქვთ კანონმდებლობა, მაგრამ კანონმდებლობას ასევე, ქმნის სასამართლო პრაქტიკა. პრეცედენტული სამართლის ქვეყანაა. სასამართლოს პრეცედენტებიც ასევე, სამართლის წყარო და სამართალია. ჩვენ თუ ვსაუბრობთ ამერიკული კანონმდებლობის გადმოტანაზე, უნდა ვსაუბრობდეთ არა მარტო იმ დაწერილ სამართალზე, რაც არის, ასევე პრეცედენტულ სამართალზეც, რაც ამერიკაშია. ეს პრეცედენტული სამართალიც უნდა იყოს გაზიარებული. სასამართლო სისტემა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი. ამ ყველაფრის - პრეცედენტული სამართლისა და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე, ეს არის მხოლოდ გადმოწერილი წესი, რომელიც არაფერს არ ნიშნავს და ბოროტად იქნება გამოყენებული. ამერიკული კანონი რომელიმე არადემოკრატიულ ქვეყანაში რომ გადავიტანოთ, ის დემოკრატიული სახელმწიფო გახდება? არ გახდება“,- აღნიშნა სიმონიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გვეთამაშება თამაშს, სადაც მოთამაშეც, წესის დამდგენიც და მსაჯიც თვითონ არის, ამიტომ ეს ვერანაირად ვერ იქნება სწორი და ამერიკული“.
გარდა აღნიშნული კანონპროექტისა, სიმონიშვილმა ისაუბრა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზეც.
„აქ არის მაუწყებლის თვითრეგულირების ქცევის კოდექსიდან ნორმები პირდაპირ გადატანილი კომუნიკაციის კომისიის რეგულირებაში. აქაც ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განსხვავებაზე მივდივართ. მოდი, ჯერ ჩვენ შევქმნათ გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუცია, რომელიც ბრიტანულის მსგავსია და არა ქართული კომუნიკაციების კომისია, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლები არიან. შემდგომ ვისაუბროთ იმ სტანდარტზე“,- განაცხადა სიმონიშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას, სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც ამ რეგულაციებით, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ახლა თვითრეგულირებიდან რეგულირებაში აბრუნებს, კომუნიკაციების კომისიამ“ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედი“ დახურა.