თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს. სასამართლოს დაცვის მხარემ ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 10 000 ლარის ან “ნებისმიერი ოდენობის გირაო” შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ. სასამართლო სხდომაზე ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, შესაბამისად ის უდანაშაულოა და პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, ხოლო საპირისპიროს ამტკიცებდა ბრალდების მხარე. პროკურორის განცხადებით, ახობაძე ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში და წარსულშიც მისი მხრიდან იკვეთება ნარკოდანაშაულთან შემხებლობა. პროკურორის თქმით, ასევე დასტურდება ახობაძის მხრიდან საზღვრის კვეთა და გათავისუფლების შემთხვევაში მოსალოდნელია მისი ქვეყნიდან გასვლა.
საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები წარმოადგინა ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემაც. მისი თქმით, საზღვრის კვეთა უფიქსირდება მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო.
„ამხანაგი გობეჯიშვილი ამბობს, რომ იმდენად მორღვეულია საზღვარი, რომ… კი გაეპართ ვიღაცები, მაგრამ მე [საზღვრის კვეთა] ფიზიკურად არ შემიძლია. ჩემი სახლის კარი შეგიძლიათ გარედან ჩაკეტოთ, გასაღებიც დაიტოვოთ და ჩააბაროთ ოფიცერს“,- განაცხადა პროცესზე გიორგი ახობაძემ.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.