ოპოზიციური პარტიები და მესამე სექტორი საპროტესტო აქციების დროს ჩამოყალიბებული ფონდების დაყადაღებას გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ამ ფომდების დაყადაღება უწყვეტი საპროტესტო აქციების შეწყვეტას ემსახურება, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. ისინი ამ ქმედებას რეპრესიული რეჟიმის კიდევ ერთ გამოხატულებად მიიჩნევენ. ამავე მოსაზრებას“ნანუკას ფონდის” დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანიც იზიარებს და აცხადებს, რომ ფონდიდან ყოველთვის პირდაპირი ჩარიცხვები ხორციელდებოდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე გეგმა არ აქვს, თუმცა საპატიმრო ბარათების შევსებას აუცილებლად გააგრძელებს. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს “ნანუკას ფონდთან” ერთად კიდევ რამდენიმე ფონდის ანგარიშები დააყადაღა. პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.