საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთს არ ექნება უფლება, გადაწყვიტოს, განთავსდება თუ არა უცხოური ჯარები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობენ, ნებისმიერი შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, საკვანძო პუნქტებში შეიძლება რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნონ. როგორც მედია წერს, მაკრონი გულისხმობს, რომ სამშვიდობო ძალა თითოეული ქვეყნიდან რამდენიმე ათასი ჯარისკაცისგან უნდა შედგებოდეს. მანვე აღნიშნა, რომ ჯარისკაცების გაგზავნის სურვილი არა მარტო ევროპულმა, არამედ სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს.