საქართველოში გაზის იმპორტი გაიზარდა, ამასთან, მოიმატა შესყიდვის საშუალო ღირებულებამაც. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ქვეყანამ 70 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 455 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი თითქმის 67 მლნ დოლარი გადაიხადა იგივე მოცულობის ბუნებრივ აირში. შესაბამისად გამოდის, რომ წელს იანვარში 1000 კუბურ მეტრზე საშუალო შესასყიდი ფასი 154 დოლარს შეადგენდა, 2024 წლის იანვარში კი 143 დოლარი იყო. აქედან გამომდინარე, 2025 წლის იანვარში საქართველოს ბუნებრივი აირი 7.7%-ით გაუძვირდა. როგორც ცნობილია, საქართველო გაზს რუსეთსა და აზერბაიჯანში ყიდულობს. თუმცა საქსტატი არ აქვეყნებს მონაცემებს იმის შესახებ თუ სად რა მოცულობის გაზს ყიდულობს ქვეყანა. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელმა ქვეყანამ გაუძვირდა საქართველოს ბუნებრივი აირის შესყიდვა. რაც შეეხება იმპორტის ზოგად მაჩვენებელს, ქვეყნების მიხედვით, 2025 წლის იანვარში საქართველომ აზერბაიჯანში დაახლოებით 36 მლნ დოლარის გაზი იყიდა, რუსეთიდან კი 34 მლნ დოლარის შემოიტანა.