დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის მიერ გამოწვეულ პრობლემებს ისევ ებრძვიან. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ამ დროისთვის გურიაში ძირითადი გზების 80% გაწმენდილია, 29 000-მდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია, ასევე ბუნებრივი აირი დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს უკვე მეწოდება. რეგიონში პირველადი მოხმარების საგნები აქტიურად რიგდება. ვითარება ისევ მძიმეა იმერეთში, სადაც ათობით სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. რეგიონებში მძიმე ტექნიკა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა ბათუმის მიმართულებით, თუმცა ზუგდიდის, ფოთისა და ბორჯომის მიმართულებებზე რეისები კვლავ გაუქმებულია. სტიქიის ზონაში სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომლებიც სამთავრობო უწყებებთან ერთად დაზარალებულებს ეხმარებიან. რა ვითარებაა რეგიონებში.