უკვე მესამე დღეა, რაც დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან - ათობით სოფელი კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ასევე განადგურებული და დაზიანებულია შენობები, ათიათასობით აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რეგიონებში მძიმე ტექნიკა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მოსახლეობა კი კვლავ დახმარებას ითხოვს. აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, დღეს რამდენიმე სარკინიგზო რეისიც გაუქმდა. მათ შორის, თბილისიდან ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ბორჯომის მიმართულებით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე აჭარაში იმყოფება. მან დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. რა მდგომარეობაა რეგიონებში და როგორ უმკლავდებიან სტიქიას შესაბამისი უწყებები