საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 57% - რუსეთზე, ხოლო 43% - აზერბაიჯანზე მოდის. გასული წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 21.4%-ით, 924 გვტ. საათამდე, ხოლო მოხმარება 4.5%-ით, 1221 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია საუბარი.
მონაცემების მიხედვით, საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 5.78 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად უმნიშვნელოდ, 0.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ამასთან, საცალო სექტორის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად 5.1%-ით გაიზარდა. მეორე მხრივ, მსხვილი მომხმარებლების მოხმარება წლიურად 3.9%-ით, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება 26.4%-ით შემცირდა.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, საქართველო, ზამთრის დეფიციტის დასაფარად, ელექტროენერგიის იმპორტს განაგრძობს. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებულია 335 გვტ. საათი ელექტროენერგია. აქედან, იმპორტის 57% რუსეთიდან, ხოლო 43% აზერბაიჯანიდან შემოდის. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტისთვის 8.7 მილიონი დოლარი დახარჯა.