უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოცნება აასრულა. მისი შეფასებით, აშშ-ისა და რუსეთის პირდაპირი საუბარი არ ნიშნავს, რომ ისინი შეთანხმდნენ. კულებას თქმით, რეალური ინდიკატორი, რომ პუტინი ტრამპთან შეთანხმებაზე მიდის, შეტევებისა და დაბომბვების ინტენსივობის შემცირება იქნება. გარდა ამისა, მან აშშ-ევროპის ურთიერთობებზეც ისაუბრა. კულებას თქმით, ევროპამ ბოლოსდაბოლოს გააცნობიერა, რომ შტატებმა ის მიატოვა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს როგორც ევროპისთვის, ისე უკრაინისთვის კარგია. უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის რთული პროცესი იქნება, რადგან შესაძლებლობების დერეფანი კიდევ უფრო ვიწროვდება, თუმცა ოფიციალურ კიევს ბრძოლისთვის რესურსი ჯერ კიდევ აქვს.