რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რამდენიმე რეგიონში 90 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და „ნეპტუნის“ მართვადი რაკეტა გაანადგურეს - Palitra News

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რამდენიმე რეგიონში 90 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და „ნეპტუნის“ მართვადი რაკეტა გაანადგურეს

2025-02-17 12:45:45+04:00

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რამდენიმე რეგიონში 90 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და „ნეპტუნის“ მართვადი რაკეტა გაანადგურეს. პარალელურად, რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გასული 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა უკრაინის ქვედანაყოფების განლაგების ტერიტორიებსა და დასახლებულ პუნქტებზე 95 საჰაერო დარტყმა მიიტანეს. ასევე იერიშებისას 5 რაკეტა და 141 მართვადი საავიაციო ჭურვი გამოიყენეს. რუსებმა 5500-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს, საიდანაც 124 ზალპური სისტემებიდან იყო. ოკუპანტებმა კამიკაძე დრონებიც გამოიყენეს. ამასთან, მოლდოვის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე კიდევ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია. მთავრობის პრესსპიკერს, დანიელ ვოდას დრონების წარმომავლობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დარღვევა კვირას, დაახლოებით, ღამის 23:00 საათზე მოხდა. ეს დრო იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც უკრაინამ განაცხადა, რომ ოდესის რეგიონი რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდა. 13 თებერვლის ღამეს უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მასობრივი თავდასხმის დროს მოლდოვის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის ელჩი უწყებაში დაიბარა და გამოაცხადა, რომ კიშინიოვში მდებარე რუსული კულტურის ცენტრს დახურავდა.