„როიტერის“ ინფორმაციით, ბერლინის ქუჩებში დემოკრატიის მხარდასაჭერ და ულტრამემარჯვენეების საწინააღმდეგო აქციაზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეების აზრით, გერმანიაში დემოკრატია საფრთხეშია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აქციაში დაახლოებით 30 000 დემონსტრანტი მონაწილეობდა. გერმანიაში 23 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი გაეთავისუფლებინა. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.