ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს, - ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ-ი არჩევნები დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, შეუძლია ხელი შეუშალოს მოსკოვის აგრესიულ გეგმებს აღადგინოს იმპერია სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე ომებისა და ეთნიკური წმენდის გზით. საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ე.წ. არჩევნები არის უკანონო და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ეწინააღმდეგება. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა. მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი რუსეთის ფედერაციის მიერ ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას წარმოადგენს. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ-ი "საარჩევნო უბნები" ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.-მა პარლამენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო თანამდებობა დატოვა 2020 წელს არჩეულმა ასლან ბჟანიამ.ა