ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხვალ სამუდამოდ გამოეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, რუსეთი ენერგორესურსებს შანტაჟის იარაღად ვეღარ გამოიყენებს. როგორც მან აღნიშნა, ეს თავისუფლებისა და ევროპის ერთიანობის გამარჯვებაა. ბალტიის ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მეზობელი რუსეთისა და ბელარუსის ელექტროენერგიის ქსელს გამოეთიშებიან და ევროკავშირელი მოკავშირეებისკენ გადაერთვებიან. უცხოური გამოცემა წერს, რომ ნავთობით და გაზით მდიდარ რუსეთთან ელექტროენერგიით კავშირების გაწყვეტა გეოპოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობის ფაქტია. ამ მიმართულებით მუშაობა დაჩქარდა მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.