აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეიარაღების პროგრამები სრულად გადახედვას საჭიროებს, მისი თქმით, თუ ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება, ამერიკა შემდეგ ომში მძიმე მარცხს განიცდის. მასკის განმარტებით, არსებული სტრატეგია გუშინდელი ომის საწარმოებლად მაღალ ფასად მცირე რაოდენობის იარაღის წარმოებას გულისხმობს, და თუკი დაუყოვნებლივი ცვლილებები არ განხორციელდება, შემდეგ ომში ამერიკა ძალიან მძიმედ დამარცხდება. მასკი საბიუჯეტო ოფისის ანგარიშის შესახებ ინფორმაციასაც აზიარებს, რომლის მიხედვითაც, სამხედრო-საზღვაო ფლოტი, 364 გემის შესაძენად, მომავალი 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 40 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.