ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრი ორად გაიყო. ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა მანდატები უნდა დატოვონ, რათა პარლამენტმა ფუნქციონირება შეწყვიტოს. თავად პარტიის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ მანდატების შენარჩუნებით ისინი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევენ. მათი განცხადებით, ე.წ. არალეგიტიმური პარლამენტი 89 დეპუტატითაც შეძლებს მუშაობას. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს სადეპუტატო მანდატები უკვე შეუწყდათ, რის შედეგადაც პარლამენტი 49 დეპუტატით შემცირდა. ამ დროისთვის, საკანონმდებლო ორგანოში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატით რჩება.