საქართველოს თავდაცვის მინისტრი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროსა და ფონდის მხარდაჭერით დაჭრილ-დაშავებული სამხედროებისთვის გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა და საზოგადოებას ღირსეულ საქმეში ჩართვისკენ მოუწოდა. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი" კომპანია „სილქნეტის“ პატრონაჟით 2018 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი მიზანი სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებასა თუ საერთაშორისო მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებზე ზრუნვაა. ფონდი თავდაცვის უწყებასთან ერთად დაჭრილ მებრძოლებს სამედიცინო მომსახურებით, კვლევებით, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებებით, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსებით უზრუნველყოფს.