გასულ წელს ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 6%-ით გაიზარდა და 13.9 ტერავატსაათი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს„თბს კაპიტალი“ ელექტროენერგიის ბაზრის კვლევაში აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, კომერციული მოხმარება წლიურად 7.5%-ით არის გაზრდილი და 8.1 ტერავატსაათს გაუტოლდა, ხოლო პირდაპირმა მოხმარებამ 3.2 ტერავატსაათი შეადგინა, რაც 13.1%-იან ზრდაზე მიანიშნებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პირდაპირი სამომხმარებლო მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, ფეროშენადნობების მწარმოებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების კლება დაფიქსირდა, რაც დაკავშირებულია უმსხვილესი ქარხნების დროებით დახურვასთან. ამის საპირისპიროდ, აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მცირდება. კვლევის თანახმად, წლიური შემცირება 5.6%-ს, ხოლო ჯამური მოხმარება 2.6 ტერავატსაათს შეადგენს. კვლევის მიხედვით, 2024 წელს თბილისის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე წლიურად 8.8%-ით გაიზარდა. დედაქალაქში გაზრდილია როგორც ელექტროენერგიის არასაყოფაცხოვრებო, ასევე საყოფაცხოვრებო მოთხოვნა. რაც შეეხება რეგიონებს, ელექტროენერგიის მოხმარება აქაც გაზრდილია, 6.5%-ით უფრო მეტად კი საყოფაცხოვრებო მოხმარების ხარჯზე.