საქართველოში ნადირობის ახლებურად რეგულირება იგეგმება და საკანონმდებლო ცვლილებები უკვე საგაზაფხულო სესიაზე იქნება განხილული. როგორც მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში ვკითხულობთ, საქართველოში ბოლო წლებში გახშირებულმა უკონტროლო ნადირობამ და გამოვლენილმა კანონმდებლობის ნაკლოვანებებმა აჩვენა, რომ მოქმედი სამართლებრივი ნორმები ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას სფეროს ახლებურად მოწესრიგების საჭიროება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებს. კონკრეტულად, რეგულირების რა გზით წავა მთავრობა და რა შეზღუდვებს დააწესებს, ჯერ უცნობია, თუმცა თუ უკვე არსებული დოკუმენტის მიზნებიდან და ამოცანებიდან ამოვალთ, ფაუნის გარკვეული სახეობების მონადირებაზე ლიმიტები დაწესდება, ხოლო მოსაკრებელი გაიზრდება, რადგან საუბარია რომ უნდა შეიქმნას თანასწორობაზე დაფუძნებული სანადირო სისტემა, სადაც ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესები თანაბრად იქნება გათვალისწინებული. ამავე დოკუემნტში საუბარია იმაზე, რომ ახალი კანონმდებლობით სანადირო სექტორის ეკონომიკური პოტენციალის ხელშეწყობა უნდა მოხდეს, რაც სავარაუდოდ ნადირობის სანებართვო სისტემის ახლებურად გადაწყობას ნიშნავს.