პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო აცხადებს, რომ პანამის ხელისუფლება მზადაა, გადახედოს თანამშრომლობის შეთანხმებებს ჩინეთთან, მათ შორის 2021 წელს დადებულ კონცესიის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ჰონგ კონგში დაფუძნებული კომპანია პანამის არხის ორ პორტს მართავს. მისივე თქმით, პანამა ჩინურ ინიციატივაში, „სარტყელსა და გზაში“ ქვეყნის მონაწილეობაზე ჩინეთთან შეთანხმებას არ გაახანგრძლივებს. მან ასევე აღნიშნა, რომ პანამის არხზე სუვერენიტეტი ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს. მისივე თქმით, პანამა მზადაა, არა მხოლოდ პანამიდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან არალეგალური მიგრანტების დაბრუნების საკითხზე აშშ-თან ითანამშრომლოს. შეგახსნებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პანამაში ვიზიტისას პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პანამის არხის მუშაობაში ცვლილებები აუცილებელია.