საია-ს ინფორმაციით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებები ადვოკატებს ინფორმაციას არ აწვდიან. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. საია-ს განცხადებით, ეს "განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა". ორგანიზაცია მიმართავს სახალხო დამცველს, რომ მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი, ასევე მიაწოდოს ორგანიზაციას მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად. გარდა ამისა, გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადასცეს საიას მათი ასლები.
საია-ს ამ განცხადებას სახალხო დამცველი უკვე გამოეხმაურა. იოსელიანის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები მის აპარატს უკვე გამოთხოვილი აქვს. ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს. ამასთან, აღინიშნება, რომ სახალხო დამცველის აპარატი მიადევნებს თვალს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდეს.