ის, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეცვალა, ნიშნავს იმას, რომ 188 ათასამდე მსესხებელს საქართველოში სესხი არ გაუძვირდება. „საზოგადოება და ბანკები“ წერს, რომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართგელოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 187 632 სესხია გაცემული. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებით, ამ მსესხებლებისთვის სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეიცვლება. საინტერესოა, რომ 187 632 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხია - თითქმის 82%. 16% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 2%-ი მოდის. თანხობრივად კი, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 15 მილიარდ 400 მილიონი ლარის მოცულობის სესხია გაცემული. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 4.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო სამომხმარებლო სესხებზე 2 მილიარდ 700 მილიონი ლარია გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული - 5 მლრდ ლარზე მეტი, ხოლო, დიდ ბიზნესზე 3 მილიარდ ლარზე ოდნავ მეტი.