ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფაზე - შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან - დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფაზე - შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან - დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ

2025-01-30 13:20:50+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ვხედავთ, თუ როგორ იჩენენ მაშველები განსაკუთრებულ თავდადებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს. ამ ტრაგიკულ დროს პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.

ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის ცნობით, თვითმფრინავში 64 ადამიანი, ხოლო ვერტმფრენის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაღუპულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა CBS News-ი ადგილობრივ პოლიციელებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის მაშველებმა მდინარიდან 18 ცხედარი ამოიყვანეს.

აშშ-ის ფიგურული ციგურაობის ასოციაციის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე ასოციაციის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა. მანამდე, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ცნობილი რუსი მოციგურავეები, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები, ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი იმყოფებოდნენ.