რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის „კანონიერი გზა“ არსებობს, მაგრამ კიევს ამის სურვილი არ აქვს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები, რაზეც პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს ართულებს ზელენსკის „არალეგიტიმურობა“, რადგან იგი მანდატის ვადის გასვლის შემდეგ ხელისუფლებაში რჩება და დოკუმენტების ხელმოწერის უფლებამოსილება არ აქვს. მისივე თქმით, რადას შეუძლია კონკრეტული ოფიციალური პირები გამოყოს, რომლებსაც დოკუმენტებზე ხელმოწერის იურიდიული უფლება ექნებათ. კრემლის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი კიევისგან მოლაპარაკებების მზაობას ვერ ხედავს.